თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები დახლების დადგმას და ვაჭრობის უფლებას ითხოვენ, იუწყება პირველი არხი.
ეპიდვითარების გაუარესების გამო, საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, თუმცა შეზღუდვები აგრარული ტიპის ბაზრებს არ შეეხო.
გარემოვაჭრეებმა დღეს დილიდან დახლების დადგმა სცადეს, რისი საშუალებაც მათ მუნიციპალურმა ინსპექციამ არ მისცა. ისინი გარემოვაჭრეებს ბაზარში შესვლისკენ და პროდუქტის იქ გაყიდვისკენ მოუწოდებენ. თუმცა გარემოვაჭრეების განცხადებით, ბაზარში გადასახადის გამო პროდუქტის გაყიდვა უფრო ძვირად მიუწევთ.
„ჩვენ გლეხები ვართ. გვინდა, ჩვენი პროდუქტი გავყიდოთ. გვეუბნებიან, პანდემიააო. არ გვაძლევენ საშუალებას, ვივაჭროთ და ორი კაპიკი ვიშოვოთ. გვეუბნებიან, შედით ბაზარშიო. იქ 13-14 ლარად უნდა გავყიდო ხორცი. მე ჩემ პროდუქტს 10 ლარად ვყიდი და დამაცადონ“, – განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.
ადგილზე მობილიზებულია მერიის ინსპექციის სამსახური და საპატრულო პოლიცია.
ბაზრობის თანამშრომლების თქმით, ბაზრობაზე დისტანციის და ყველა რეგულაციის დაცვა შესაძლებელია, თუმცა მათ მუშაობის უფლებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეების თქმით, საახალწლოდ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ისინი რეგულაციების გადახედვას და რამდენიმე დღით მუშაობის უფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.