თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში გამოჩნდა, საშუალოდ 56%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე აქამდე ცნობილი შტამები, ნათქვამია ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ინფექციურ დაავადებათა მათემატიკური მოდელირების ცენტრის მეცნიერების კვლევაში, რომელიც პორტალ MedicalXpress-ზე გამოქვეყნდა.
როგორც სპეციალისტებმა აღნიშნეს, COVID-19-ის ახალი ვარიანტი, რომელიც ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ნოემბერში გამოჩნდა, სავარაუდოდ, მომდევნო წელს დაავადების დამძიმების და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.
მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ უცნობია, არის თუ არა ახალი შტაბი იმაზე მეტად თუ ნაკლებად სასიკვდილო, ვიდრე მისი წინამორბედია. თუმცა ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ დიდ ბრიტანეთში პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების შენარჩუნება მსგავს სცენარს ვერ შეაკავებს. ნებისმიერი შემსუბუქება კი დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, აღნიშნეს მეცნიერებმა.
ადრე ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედიკოსების მონაცემებით, ის 70%-ით მეტად გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, მაგრამ მტკიცება იმისა, რომ ის უფრო მეტად სასიკვდილოა ან დაავადების დამძიმებას იწვევს, ჯერ არ არსებობს. ვირუსის ეს ტიპი ევროპის რვა ქვეყანაშია აღმოჩენილი. ბრიტანეთის გარდა, ესენია: ესპანეთი, შვედეთი, საფრანგეთი, დანია, ნიდერლანდები, იტალია, გერმანია. გარდა ამისა, შტამი აღმოჩენილია იაპონიაში და ავსტრალიაში.
რამდენიმე ქვეყანამ უსაფრთხოების მიზნით დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.
პანდემიის პერიოდში მსოფლიოში COVID-19-ის 78 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1,7 მილიონზე მეტი ადამიანი.