თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა დადგენილი წესების სრულ შესაბამისობაში განაახლეს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.
სავაჭრო ობიექტებს წინასაახალწლო და საახალწლო დღეებში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საკოორდინაციო საბჭომ მუშაობის განახლების უფლება მისცა. ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გაუარესების გათვალისწინებით, მათთვის მუშაობის განსაზღვრული წესებია დადგენილი.
როგორც ფერაძემ განაცხადა, მუშაობას დილის შვიდი საათიდან, სავაჭრო ობიექტებთან ერთად შრომის ინსპექციაც შეუდგა. მისი თქმით, ობიექტების მონიტორინგში მათთან ერთად აქტიურად არიან ჩართული ფინანსური პოლიცია, შემოსავლების სამსახური და საპატრულო პოლიცია.
„დარღვევების შემთხვევაში, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება გვექნება. გვაქვს მოლოდინი, რომ წესებისა და არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდება ფუნქციონირება. რიგები მოლებთან – ეს არ არის საუკეთესო და სრულიად ვიაზრებთ ამ პროცესს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საუკეთესო პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში და სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. სჯობს სუფთა ჰაერზე ხდებოდეს ნაკადურობის დაცვა“, – განაცხადა ფერაძემ.
შრომის ინსპექციას უფლება აქვს ნებისმიერი კომპანიის საქმიანობა შეაჩეროს, თუ გაირკვევა, რომ ხელმძღვანელობა დადგენილ წესებს არ ასრულებს და ამით კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის.
ობიექტებს, დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, ემუქრება ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით.
საკოორდინაციო საბჭოს განკარგულებით, სავაჭრო ობიექტები საქართველოს რვა დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში დღეს, დილის შვიდ საათზე გაიხსნა.
სავაჭრო ცენტრებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. მათი მუშაობის გრაფიკი 07:00-დან 19:00 საათამდე განისაზღვრა. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს კლიენტების ნაკადი (ერთი მყიდველი 20 კვადრატულ მეტრზე). ამას გარდა, სავაჭრო ცენტრების ტერიტორიაზე არ იფუნქციონირებს კვების ობიექტები და გასახდელები.