თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მთავრობის მოქმედების მკაცრ მონიტორინგს და მხილებას იწყებს, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლების თითოეული ქმედება მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება.
„ის ფაქტი, რომ „ლელო“ უარს აცხადებს მანდატებზე და გაყალბებული არჩევნების შემდეგ არ შედის პარლამენტში, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება, პარლამენტი ან „ქართული ოცნება“ მშვიდ გარემოში ცხოვრებას შეძლებენ. ჩვენ სიტყვითა და საქმით თითოეული მათი ქმედების მკაცრ მონიტორინგს მოვახდენთ. ჩვენ მათ საშუალებას არ მივცემთ კომფორტულად იგრძნონ თავი. „ლელო“ მუდმივ მონიტორინგს გაუწევს იმას, რას როგორ აკეთებს მთავრობა, როგორ მუშაობს პარლამენტი და ამ კუთხით ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. მოქალაქეების სახელით ჩვენ დღეიდან ვიწყებთ მკაცრ მონიტორინგს და სამთავრობო პროგრამის მხილებას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მან აქვე გააკრიტიკა სამთავრობო პროგრამა, რომელიც პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ წარუდგინა.
„ეს არ არის პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, არამედ ესაა საბჭოთა სტილის სადღეგრძელო. მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ჰპირდება ყველაფერს, მაგრამ არაფერს შეასრულებს. ამ პროგრამის მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამ პროგრამით მოქალაქეები მთავრობას ვერც კონკრეტულ შედეგებს მოსთხოვენ, ვერც პასუხს შედეგების ვერმიღწევისთვის“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა დღეს უნდა გამოუცხადოს. პროცედურა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.