თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში თბილისის მერია მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებას აგრძელებს, ნათქვამია დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე 500 ათასი ლარის ღირებულების საკვები პროდუქტები, ტკბილეული და პირველადი მოხმარების ნივთებია შეძენილი. პროგრამის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1.2 მილიონი ლარი გამოიყო.
ამანათები თბილისის ათივე რაიონულ ადმინისტრაციას გადაეცა. გამგეობების თანამშრომლები, თავის მხრივ, ნობათის იმ ოჯახებში მიტანას უზრუნველყოფენ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
„ვაგრძელებთ ჩვენ მიერ წამოწყებულ დახმარების პროგრამას. ძალიან კარგი პლატფორმა შეიქმნა. ჯერ კიდევ პანდემიის პირველი ტალღის დროს გვქონდა მსგავსი აქტივობა, რომელშიც ჩართული იყო ბიზნეს–სექტორი და რიგითი მოქალაქეები, რისთვისაც მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პროექტში მოხალისეებად არიან ჩართული და დედაქალაქის მერიისა და გამგეობის თანამშრომლებს პროდუქტების დაფასოებასა და დარიგებაში ეხმარებიან.
მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარების მიზნით თბილისის მერია მომდევნო ხანებში კიდევ 700 ათასი ლარის საკვები პროდუქტებისა და პირველადი დახმარების ნივთების შეძენას გეგმავს.