თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. იტალიაში საქართველოს საელჩო იტალიაში, მალტის რესპუბლიკასა და სან-მარინოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთი შეზღუდვის მიხედვით, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა უქმე/დასვენების დღეებად.
უწყების ცნობით, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური აღნიშნულ დღეებში მოქალაქეთა მომსახურებას განახორციელებს მხოლოდ გადაუდებელი/ფორსმაჟორული სიტუაციების დროს.
კერძოდ, უწყება მოქალაქეთა მომსახურებას განახორციელებს შემდეგ შემთხვევებში:
- ბუნებრივი კატასტროფა;
- ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც საფრთხე ექმნება ან შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
- საქართველოს მოქალაქის დაბადება (დაბადების სააქტო ჩანაწერის რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა);
- საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება/გადმოსვენება;
- სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვა (საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა);
- საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა.