ინაშვილი: ენუქიძე ჩვენს პარტიას აფინანსებდა და მის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით

© Sputnik / Alexander Imedashviliირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავთანდილ ენუქიძე მეათე მოწვევის პარლამენტის ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება, რომელიც ჯერჯერობით ერთპარტიულ ფორმატში იფუნქციონირებს.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტიას არ აქვს ბერკეტი ენუქიძის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოსახდენად. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენელი შედის

დღეს ცნობილი გახდა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე უარს აცხადებს მანდატის დათმობაზე და პარლამენტში შესვლას გეგმავს. პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა და პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მეათე მოწვევის პარლამენტს ორი დღის წინ მიმართეს. ცესკოს მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსმა” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 3.14% მიიღო და ოთხი საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, ენუქიძე ბიზნესმენია, რომელიც „პატრიოტთა ალიანსს“ აფინანსებდა და პარტია მის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. 

„მინდა გაცნობოთ, რომ ირმა ინაშვილი, გიორგი ლორია, გოჩა თევდორაძე არ შედიან მეათე მოწვევის პარლამენტში. ბატონი ავთო წლების მანძილზე ჩვენი პარტიის მხარდამჭერია, ის არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი. შესაბამისად, ის თავისუფალია მის ქმედებებში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ავთანდილ ენუქიძემ დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია და პარტიებმა ეს ბერკეტი ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის უნდა გამოიყენონ. როგორც მან აღნიშნა, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით საკანონმდებლო ორგანოსთვის მას არ მიუმართავს. თუმცა, ჯერ არც ის იცის, როდის შევა პარლამენტში.

„პატრიოტთან ალიანსის" გარდა, სადეპუტატო მანდატებზე ოფიციალურად უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი). ამ პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებისთვის უკვე მიმართეს, ხოლო დეპუტატებმა – უფლებამოსილების მოხსნის შესახებ – პარლამენტს. ამ სიას ასევე შეუერთდა პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ცესკოსთვის ჯერ არ მიუმართავთ „მოქალაქეებს“ და „გირჩს“. მათ ასევე ხელი არ მოუწერიათ საჯარო უარზე სადეპუტატო მანდატების დათმობის შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0