თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიოს ყველა ქვეყანას, დაუყოვნებლივ აცნობონ ორგანიზაციას ახალი და საყურადღებო მუტაციების შესახებ, განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა მელიტა ვუინოვიჩმა.
„ჯანმო რეკომენდაციას აძლევს მსოფლიოს ყველა ქვეყანას, შეძლებისდაგვარად გაზარდონ SARS-CoV-2-ის ვირუსების სეკვენირება და საერთაშორისო დონეზე გაცვალონ [გენომის] თანმიმდევრობის შესახებ მონაცემები. კერძოდ, გვაცნობონ სახიფათო მუტაციების შესახებ“, — აღნიშნა ვუინოვიჩმა.
მანამდე, დეკემბრის პირველ დეკადაში ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთიუ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შტამი მის საწყის ფორმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება და 70%-ზე მეტად გადამდებია, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, თითქოს ის უფრო მომაკვდინებელია, ან სხვაგვარად რეაგირებს ვაქცინებზე.
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა უკვე შეაჩერა მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეაფასა მსოფლიოს ქვეყნების გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ „სატრანსპორტო მიმოსვლის შეზღუდვების თაობაზე გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე მიიღება. ჯანმოს რეკომენდაციაა, გამოიყენონ ისეთი მიდგომა, რომელიც რისკების შეფასებაზე იქნება დაფუძნებული“.