თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის პრევენციის მიმართულებით ძალიან ბევრს მუშაობს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
მისი თქმით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე მხოლოდ გასულ წელს 10 266 საქმეზე დაიწყო გამოძიება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალადობა გამოაშკარავდა და ბევრი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში.
„შემიძლია მაგალითები მოგიყვანოთ: 2017 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის მიმართ 2 878 საქმეზე... 2019 წელს - 10 266 საქმეზე. თითქმის გაოთხმაგებულია მომართვიანობა. მე არ ვამბობ, რომ ძალადობამ იმატა, პირიქით გამოაშკარავდა ეს ძალადობა, უკვე ბევრი რეკავს და ძალიან ბევრი ადამიანი იქნა პასუხისგებაში მიცემული. მიმდინარე წელსაც უკვე 9 570 შემთხვევაა, ერთი თვის, დეკემბრის გამოკლებით“, - განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, სასიხარულო არ არის, რომ მოიმატა ოჯახში ძალადობის მაჩვენებელმა, თუმცა მომართვიანობამ რომ მოიმატა, ეს არის ძალიან კარგი და ერთხელ და სამუდამოდ ალბათ, ეს კონტროლს ქვეშ იქნება.
„ცუდია, რა თქმა უნდა, რომ იზრდება ერთის მხრივ ოჯახში ძალადობის შემთხვევები, თუმცა მეორეს მხრივ, კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და რეკავენ. ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე ამისი“, – განაცხადა გომელაურმა.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, მეზობლების მიერ გამოძახებულ პოლიციას ადგილზე ხშირად ნაცემი ქალი ან ბავშვი ხვდებოდა, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მამაკაცი აღმოჩნდა ნაცემი.
„ამ მიმართულებით პრევენციაზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. დავამზადეთ ვიდეორგოლები, დავაგზავნეთ SMS-ები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომ მოემართათ პოლიციისთვის. „112“-მა გააკეთა SOS ღილაკი. ბევრმა გამოიყენა. დაახლოებით 1400-ს ჰქონდა გადმოწერილი და აქტივობების შემდეგ 5 ათასმა ადამიანმა კიდევ გადმოიწერა“, - განაცხადა გომელაურმა.
გომელაურის მიერ ნახსენებ აპლიკაციას სამი ძირითადი ფუნქცია აქვს: ოპერატორთან მიმოწერა (ჩატი), ჩუმი გამოძახება (SOS) და ზარის განხორციელება. აპლიკაციის შექმნის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. SOS ღილაკის დაჭერით ყოველგვარი განმარტების გარეშე, რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიციის ეკიპაჟი გაჩნდება.
2019 წელთან შედარებით 2020 წელს ოჯახში ძალადობამ – 8,5%-ით მოიმატა. წინა წლის მსგავსად, 2020 წელს ჩადენილი დანაშაულების ნუსხაში ოჯახური ძალადობა მეორე ადგილს იკავებს. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 4,5 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 64,38%.