პანდემიამ სამყაროს წესები შეცვალა და ეს ბუნებრივია, ჩვენს ცხოვრებაზე, ურთიერთობებსა და ოცნებებზეც კი აისახა. ამის შესახებ კარგად იცის სოფი მეიშვილმა, რომელიც სახალხო მოძრაობის „სიკეთე სიცოცხლისთვის" ერთ-ერთი პირველი ინიციატორი და დამფუძნებელია. წელს მათი სლოგანია: „სიკეთე კორონაზე უფრო გადამდებია“...
ამბობენ, სიბერეში ადამიანები ისევ ბავშვები ხდებიანო, ალბათ ამიტომ ენატრებათ მათ შოკოლადები და ტკბილეული. სოფის საქველმოქმედო ფონდმა პირველად 2013 წელს დაწერა სოციალურ ქსელებში, რომ ახალ წელს მარტოხელა ბებოებიც გავახაროთო. მაშინ მის ინიციატივას ბევრი შემოუერთდა. იქიდან ჩაეყარა საფუძველი ამ კეთილ ტრადიციას. სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები თოვლის ბაბუას წერილებს ახლაც წერენ. გასაკვირი არაა, რომ თოვლის ბაბუობის სურვილი ჩვენში ხშირად ბებოებს უჩნდებათ ხოლმე...
- სოფი, წელს ალბათ იმდენად ვეღარ აქტიურობთ და საამისოდ, პანდემიის გარდა სხვა მიზეზი გაქვს. თუმცა წინასაახალწლო რიტუალის ჩატარება მაინც მოახერხეთ...
- დიახ, მიუხედავად მსოფლიოში არსებული რთული სიტუაციისა და იმის გამო, რომ დედა გავხდი და ჩემი დრო უკვე პატარა პრინცესას ეკუთვნის, მაინც განვახორციელეთ პროექტი „ბედნიერი ახალი წელი ყველას". ტრადიციას ამჯერადაც არ ვუღალატეთ. წელს გაასმაგებული ყურადღებით ვკითხულობთ წერილებს, რომელიც ბავშვებმა თოვლის ბაბუას მისწერეს. განსაკუთრებით მტკივნეულად განვიცდი იმ ამბავს, როცა ბავშვები საახალწლოდ სათამაშოებს კი არ ითხოვენ, არამედ ელემენტარულ პროდუქტებს... ერთი პატარა ძალიან ნერვიულობდა, თოვლის ბაბუას კორონა რომ დაემართოს რა მეშველებაო... რაც დედა გავხდი, ამ ბავშვების ტკივილს და გაჭირვებას უფრო მძაფრად ვგრძნობ. წარმოუდგენლად რთულია, როცა იგებ, რომ პატარა ბავშვი თოვლის ბაბუს წერს ახალ წელს საკვები მომიტანეო...
- ვიცი, რომ წერილები თოვლის ბაბუასთვის მოხუცთა თავშესაფარში ასაკოვან ადამიანებსაც დააწერინეთ...
- დიახ, წელს იყო ასეთი სიახლე: თავშესაფრის ბებოებსაც დავაწერინეთ თოვლის ბაბუასთვის წერილები, უმრავლესობას ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და ტკბილეული უნდა. ტრადიციისამებრ, წელსაც მოვამარაგებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვებით. ეს საკვები საახალწლო სუფრისთვის განკუთვნილი კერძების პროდუქტებია. აქამდე ათ ოჯახს ვუგზავნიდით საკვებს და წელს 30 ოჯახამდე გამოგვივა.
- ამ წელს თოვლის ბაბუობის მსურველები უფრო მეტია თუ ნაკლები?
- ადრე წერილს რომ ვდებდი, თოვლის ბებო-ბაბუები პირადში მწერდნენ ხოლმე, ვერ ვასწრებდი არჩევას. მთხოვდნენ იქნებ, წერილები პირდაპირ ჩაგვიგდოო. წელს სამწუხაროდ ასეთი მაღალი აქტივობა არ გვაქვს. ძალიან დაგვეხმარა ერთი ორგანიზაცია, რომელმაც ისურვა ინკოგნიტოდ დარჩენილიყო. მისმა თანამშრომლებმა ბავშვების ყველა წერილი გულთან ახლოს მიიტანეს. ჩვენი ერთგული თოვლის ბებოებიც გვეხმარებიან. მოკლედ, ვფიქრობ ჩვენი აქცია მაინც ჩატარდება და მინიმუმ 30 ოჯახს მაინც გამოვკვებავთ, ასევე 30 ბებო-ბაბუს თავშესაფარში.
- წერილი რამდენმა დაწერა?
-ჯერჯერობით 60-მდე წერილი გვაქვს. ახალი წელი ჩემი უსაყვარლესი დღესასწაულია, რომელსაც ყოველ წელს ბავშვივით ველოდები. ასე მგონია, რომ სხვებსაც ჩემსავით უყვარს ის. ჩემი კეთილი ფერიების დახმარებით ყოველ წელს ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავახარო. როცა წერილები მოდის ჩემთან, ვეცნობი მათ და ვათავსებ ფონდის გვერდზე. წელს აუცილებელი მოთხოვნაა, რომ წერილზე მიუთითონ საკონტაქტო ნომერი და მისამართი. სხვათა შორის, წელს ჩვენი სლოგანია: „სიკეთე კორონაზე მეტად გადამდებია“...
- შემოსულ საჩუქრებს ვინ აგროვებს და ანაწილებს?
- წინა წლებში მე ვაგროვებდი საჩუქრებს, სამსახურში ჩემი ოთახი ლაპლანდიელი სანტას ოთახს ემსგავსებოდა. შემდეგ მაშინდელი ჩემი მეგობარი და ახლა უკვე მეუღლე პირადად მივდიოდით და მათ ვარიგებდით.
- ასეთ ოჯახთან ერთად ოდესმე თუ შეხვდით ახალ წელს?
- დიახ, ერთ წელს შვიდშვილიან ოჯახთან ერთად შევხვდით ახალ წელს, ზუსტად 12 საათზე მივუტანეთ საჩუქრები, დაუვიწყარი ახალი წელი გამოვიდა. დასავლეთ საქართველოში რამდენიმეს ფოსტით ვუგზავნიდით. წელს ყველა თოვლის ბებო /ბაბუ თავად აგზავნის მის რჩეულთან საჩუქარს. წელს სამწუხაროდ პანდემიის გამო ბავშვების სიხარულის ნახვას ვეღარ მოვახერხებთ…
- გამორჩეულად ვისი წერილი და რომელი ამბავი დაგამახსოვრდათ?
- ერთი წერილი მივიღე ბიჭისგან, რომელიც მამასთან ერთად ვაგონში ცხოვრობს. დედა გარდაცვლილი ჰყავს, მამას ინსულტი დაემართა და უკიდურესად უჭირთ. რა თქმა უნდა ის წერილი განვათავსე ჩვენს გვერდზე, მერე ბევრმა გააზიარა. ისე მოხდა, რომ ამ ბავშვს ყველა სურვილი აუსრულდა და ახლა საცხოვრებელსაც ურემონტებენ. ძალიან გახარებულია. თუ ვინმე დაგვრჩა უსაჩუქროდ იმას ძველით ახალ წელს გავუგზავნით. ყველა ბავშვს, ასაკოვანს და თავად თოვლის ბებია ბაბუსაც მინდა წინასწარ მივულოცო ახალი წელი და სიკეთე ვუსურვო....