თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ტელეკომპანია „მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა, ნათქვამია ქარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ქარტიის ინფორმაციით, საქმე ეხება ნიკა გვარამიას მიერ 2020 წლის 11 დეკემბერს, Facebook-ის პირად გვერდზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს. პრეზიდენტმა ქარტიას 16 დეკემბერს მიმართა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განმარტებით, გვარამიას Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პირადი მოსაზრება არ არის მედიაპროდუქტი, ქარტია კი თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც დადგენილი სტანდარტებით მედიაპროდუქტის ეთიკურობას აფასებს — შესაბამისად, ამ სტატუსს ვერ შეაფასებენ.
ასევე, ქარტია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში დაცული იყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება.
„აუცილებელია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლების ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ადგენს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი“, - აღნიშნავენ ქარტიაში.
ადრე პრეზიდენტის ინსტიტუტზე საუბრისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მასზე შეურაცხყოფა და ცილისწამება, თუნდაც ყოველდღიური, არ მოქმედებს და ის მას არ პასუხობს. თუმცა ის ქვეყნის შიგნით და გარეთ სახელმწიფოს ავტორიტეტს აზიანებს.