თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. თბილისში საახალწლო განათებები კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდში არ გამოირთვება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის Facebook-გვერდზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ შეცვალა გუშინდელი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული კომენდანტის საათის პერიოდში დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებზე დამონტაჟებული საახალწლო განათებები გამოირთოს.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მოქალაქეთა თხოვნით შეცვალა.
„მას შემდეგ, რაც მე გამოვთქვი სურვილი, რომ შეზღუდვების დრო გამოირთოს საახალწლო ილუმინაციები, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ შეზღუდვის მიუხედავად, მაინც დაგვეტოვებინა ღამის საათებში ღამის განათებები. განათებებს ნახულობს ის ადამიანები, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ყველაზე სტრესულ მდგომარეობაშია - ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები, თბილსერვისის თანამშრომლები, მეხანძრე მაშველები. თითქოს თბილი და მყუდრო ქუჩები ამ ადამიანების დაღლილობას სტრესს და მძიმე სამუშაოს მალამოდ დაედება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კორონავირუსის პანდემიის გამო ახალი წელი გაცილებით მოკრძალებულად აღინიშნება, ვიდრე ეს გასულ წლებში ხდებოდა.
თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო,დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირზე 17 დეკემბერს საზეიმოდ აინთო, თუმცა მაშინ კახა კალაძემ მოუბოდიშა მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, რომ პანდემიის გამო ისინი საშობაო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას ვერ დაესწრნენ.
ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადეების ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები.
24 დეკემბრიდან - 2 იანვრამდე პერიოდში საქართველოში იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ტიპის ბაზრობები, აღდგება საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
3-15 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხადდება უქმეები, იმუშავებენ მხოლოდ ბანკები, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები და სერვისები. ყველა შეზღუდვა იმოქმედებს.
16-31 იანვარს აღდგება საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ტიპის ბაზრობები (უქმე დღეების გარდა).