თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. კაკაოს ზომიერი გამოყენება ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას და დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, აცხადებს დიეტოლოგი ანტონინა სტაროდუბოვა.
ექიმი განმარტავს, რომ კაკაოს მარცვლები მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, ზეთებს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ ნივთიერებებს, A, PP ვიტამინებს, ასევე B ჯგუფის ვიტამინებს. გარდა ამისა, მათში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა ბიოფლავონოიდები — ბუნებრივი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ორგანიზმის უჯრედულ მემბრანებს დაზიანებისგან იცავს.
„კვლევის თანახმად, კაკაოს ფხვნილის ზომიერი მოხმარება სისხლში გლუკოზის დონის კონტროლს აუმჯობესებს და ამცირებს გულის დაავადებების რისკს. გარდა ამისა, დადასტურებულია თავის ტვინის პროდუქტიულობის გაზრდა, არტერიული წნევისა და სისხლის ლიპიდების ნორმალიზება“, — განმარტა სტაროდუბოვამ.
ამავდროულად ექიმმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა კაკაოს შემცველი პროდუქტების ზომიერი გამოყენება.
„კაკაოს ფხვნილის შემცველი პროდუქტების გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. გარდა ამისა, კაკაოს მარცვლების შემადგენლობაში შედის ალკალოიდები — თეობრომინი და კოფეინი, სწორედ ამ ნივთიერებების შემცველობით აიხსნება სასმელის გამამხნევებელი ეფექტი. ერთი ფინჯანი კაკაო კვირაში რამდენჯერმე ან დღეში ერთხელ — ეს არის რეკომენდებული რაოდენობა, რაც მოიტანს სარგებელსა და სიამოვნებას, არ გაზრდის ალერგიული რეაქციების ან ჯანმრთელობის სხვა უარყოფითი ზემოქმედებების რისკს“, — ამბობს ექიმი.
კაკაო და მისი სასარგებლო თვისებები>>
- სტაროდუბოვამ განმარტა, რომ ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ადამიანების გარდა, კაკაოს მიღება უნდა შეზღუდონ ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა, ასევე ის არ უნდა შედიოდეს სამ წლამდე ბავშვების კვებაში.
ამასთან დიეტოლოგმა დააკონკრეტა, რომ ერთი ფინჯანი სასმელის მოსამზადებლად 10 გრამი კაკაოს ფხვნილია საკმარისი. ის შეიცავს საშუალოდ 35 კკალორიას, 2,5 გ ცილას, 1,5 გ ცხიმს და 1 გ ნახშირწყლებს. კაკაოს მოსამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ არა მზა სასმელები დიდი რაოდენობით შაქრითა და ნაღებით, არამედ პირდაპირ კაკაოს ფხვნილი.