თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში სამართალდამცველების მიმართ ძალადობის მუხლით დაკავებულ 22 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, იუწყება პირველი არხი.
22 წლის მამაკაცის ინტერესებს სასამართლოზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავს.
საია-ს ადვოკატის, რევაზ აჭარაძის განცხადებით, პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის მოთხოვნით მიმართა, თუმცა სასამართლომ გირაოს დაკისრების გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ ყოფილიყო აღმკვეთი ღონისძიება გამოყენებული, თუმცა თუ მოსამართლის ინიციატივით მაინც იქნებოდა გამოყენებული, ყოფილიყო მინიმალური ოდენობის გირაო. რაც შეეხება გასაჩივრებას, ამ საკითხზე ბრალდებულთან გავივლი კონსულტაციებს“, - განაცხადა რევაზ აჭარაძემ.
პროკურორის განცხადებით, საქმეში ჯერჯერობით მხოლოდ მოწმეთა წერილობითი ჩვენებები დევს, თუმცა წინასასამართლო სხდომამდე ვიდეომტკიცებულებების მოპოვებასაც შეეცდებიან.
„ბრალდებულმა სასამართლოზე ნაწილობრივ აღიარა ბრალად ჩადენილი ქმედება, თუმცა არ უსაუბრია დეტალებზე, თუ რა ნაწილში ცნობს თავს დამნაშავედ. საქმეში ასევე არის პოლიციის თანამშრომლების გამოკითხვები, თუმცა ეს არის 48 საათში მოპოვებული მტკიცებულებები“, - განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.
მისი თქმით, წინასასამართლო სხდომა 3 თებერვალს არის დანიშნული, ბრალდების მხარეს კი ეს პერიოდი დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად და საქმეზე სამუშაოდ ექნება.
„გმირი მამაა“ - კახა კალაძე ე.წ. აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს ბინას ჩუქნის >>
15 დეკემბერს თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აშენებული 16 შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. სახლების მეპატრონეებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, გზა გადაკეტეს და იქ მობილიზებულ მძიმე ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცეს. ინციდენტი ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებით დასრულდა. დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა 12 ადამიანი დააკავეს, თუმცა ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.