თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ეპიდვითარების სტაბილიზაცია შეიმჩნევა, რომლის ფონზეც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ – რა პასუხისმგებლობას იღებენ სავაჭრო ცენტრები შეზღუდვების შემსუბუქების შემთხვევაში, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამასთან, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მთელ საქართველოში გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა და შობა–ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დროებით გაუქმდება სხვა შეზღუდვებიც.
„შეზღუდვების ფონზე მობილობა შემცირდა, სამედიცინო სექტორიც მშვიდად ემსახურება მოქალაქეებს. სწორედ აქედან გამომდინარე, პრემიერის დავალებით, უახლოეს დღეებში შევხვდებით არასასურსათო სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს და ვისაუბრებთ, თუ რა გარანტიები და მოსაზრებები არსებობს მათი მხრიდან, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება, რათა წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც ამ დღეებში გვაქვს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეპიდემიოლოგები 24 დეკემბრიდან შეზღუდვების სრულ გაუქმებას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მობილობის გაზრდა ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. მათი პოზიცია რადიკალურია და მიმართულია შეზღუდვების მინიმალური შერბილებისკენ.
დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას შობა–ახალი წლის მოკრძალებულად აღნიშვნისკენ. დღესასწაულებზე დიდი შეკრებების მოწყობის შემთხვევაში, შესაძლოა, ინფიცირების კლების ტენდენცია, რაც შეზღუდვების შედეგად ბოლო დღეებში შეინიშნება, ორ-სამ დღეში ვეღარ შენარჩუნდეს, აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.
საქართველოში გრძელდება მოსახლეობის ინტენსიური ტესტირების პროცესი: ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 17 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა და 3.487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 198 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 167 ათასი გამოჯანმრთელდა, 1.922 გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.