ნიკოლაი პროტოპოპოვი
მანქანამ უკვე გაიარა შემოწმება და დაამტკიცა ყველა გაცხადებული ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებელი.
მსუბუქწონიანი მებრძოლი
პოლიგონზე „ლოტოსმა“ პრობლემების გარეშე გადალახა 400 კმ და მოახდინა 14 გასროლა საშტატო 120 მმ იარაღიდან. შემდგომი ეტაპი ― ძირითადი გამოცდებია, რაც წლის ბოლომდე დაიწყება.
თვითმავალი პირველად ფართო საზოგადოებას 2017 წელს წარუდგინეს, პროექტი კი 2009 წელს დაიწყო. კონსტრუქტორები მედესანტეებისთვის 152 მმ-იანი საარტილერიო კომპლექსის „ზაურალეცის“ შექმნას გეგმავდნენ ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი „სპრუტის“ ბაზაზე, მაგრამ საბოლოოდ ნაკლებად მძლავრი, სამაგიროდ ბევრად მობილური და მსუბუქი მანქანის შექმნა არჩიეს.
„ლოტოსი“ დროთა განმავლობაში შეცვლის საარტილერიო ნაღმმტყორცნ დანადგარ „ნონას“, რომელიც შეიარაღებაში 1970-იანი წლების ბოლოდანაა და კარგადაც წარმოაჩინა თავი.
საბრძოლო მანქანის მასა 18 ტონას არ აღემატება, ხოლო 450 ცხენის ძალის მქონე დიზელის ძრავით გზატკეცილზე საათში 70 კმ სიჩქარით მოძრაობს. როგორც მედესანტეების სხვა ტექნიკას, „ლოტოსსაც“ შეუძლია ცურვა და რამდენიმე მეტრი სიღრმის წყლის ზღუდეების გადალახვა. განსაკუთრებული ყურადღება შემქმნელებმა ეკიპაჟის უსაფრთხოებას დაუთმეს ― პირველ რიგში, ზეზუსტი იარაღისგან დაცვას. ჯავშანი გამარტივებულია. კორპუსი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის ცეცხლსა და ნამსხვრევებს უძლებს.
ტექნიკას ჭკვიანი თავდაცვა აქვს. მიღებული ინფორმაცია ავტომატურად გადაეცემა გამშვებ დანადგარებს, ისინი გამოსხივების წყაროს უმიზნებს და ისვრის. მანქანა მომენტალურად ეხვევა სქელ კვამლში და მტრის ზეზუსტ რაკეტებს აბნევს, რომლებიც ლაზერულ და ინფრაწითელ დიაპაზონებში მოქმედებენ.
„ლოტოსი“ „ნონას“ ნაცვლად
წინამორბედთან შედარებით „ლოტოსის“ შემტევი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაძლიერდა. კოშკურა ავტომატიზებული საბრძოლო განყოფილებაა. იარაღის მართვა დისტანციურია. დამმიზნებელი მანქანის წინა ნაწილშია განთავსებული მძღოლ-მექანიკოსთან ერთად, ხოლო ეკიპაჟის მეთაური და იარაღის დამტენი ― კოშკურაში. კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ თვითმფრინავიდან დესანტირება შესაძლებელია ეკიპაჟის ყველა წევრთან ერთად. „ნონაში“ კი ჰაერიდან გადასხმისას მანქანაში მხოლოდ მეთაურისა და მექანიკოს-მძღოლისთვის იყო ნებადართული დარჩენა.
„ლოტოსის“ საბრძოლო კომპლექტი ორჯერ დიდია, ვიდრე „ნონასი“ ― დაახლოებით 55 გასროლა. სროლის სიშორე 13 კილომეტრს აღწევს, თუმცა ზოგი ჭურვი შეიძლება 20 კმ-ზეც გაფრინდეს.
სამხედრო ექსპერტი ალექსეი ლეონკოვი აღნიშნავს, რომ ახალი თვითმავალი კავშირის თანამედროვე საშუალებების ხარჯზე იოლად ინტეგრირდება ჯარების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში.
„ეკიპაჟი ინფორმაციას სამიზნეების შესახებ ან ცეცხლის დამკორექტირებლისგან იღებს მიწიდან, ან დრონებიდან წარმოიქმნება ერთგვარი სადაზვერვო-საცეცხლე კონტური, რომელიც საშუალებას იძლევა, ზუსტად განადგურდეს მოწინააღმდეგის თავდაცვის ობიექტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბრძოლაში დიდ უპირატესობას იძლევა, განსაკუთრებით მტრის ზურგში ოპერაციებისას, როდესაც საბრძოლო მასალების მარაგი შეზღუდულია“, ― ამბობს ლეონკოვი.
ტანკები და „სპრუტები“
„ლოტოსი“ ერთადერთი სიახლე არ არის, რომელიც სპეციალურად შეიქმნა შინაგანი ჯარებისთვის. უახლოეს წლებში ეს ჯარები ყველაზე თანამედროვე იარაღით აღიჭურვება, რომელთა ბევრი ნიმუში სერიოზულად „დამძიმდა“ და უფრო ფართო შემტევი შესაძლებლობები შეიძინა. მაგალითად, ორი წლის შემდეგ დასრულდება მცურავი ტანკის „სპრუტი“ СДМ1-ის სახელმწიფო გამოცდები, რომელიც საბრძოლო სიმძლავრით არ ჩამორჩება ძირითად საბრძოლო ტანკებს ― T-80-სა და T-90-ს. თუმცა მოძრაობის უნარით მსუბუქ სადესანტო მანქანებთან უფრო ახლოსაა.
სავარაუდოდ, „სპრუტებს“ პლაცდარმების თავდაცვის მძლავრ საშუალებად გამოიყენებენ სწრაფი რეიდების განსახორციელებლად მტრის ზურგში, ასევე მსუბუქად დაჯავშნილი ტექნიკის კოლონების დასაცავად მარშის დროს.
„სავარაუდო მოწინააღმდეგე იარაღდება განადგურების ახალი საშუალებებით. ამასთან ფსონი მობილურ ქვედანაყოფებზე კეთდება, ― ამბობს ლეონკოვი. ― ნატოს მსუბუქჯავშნიანი ტექნიკა დღეს სულ უფრო ხშირად აღიჭურვება მსხვილი კალიბრის ავტომატური ქვემეხებით. ამიტომ საბრძოლო ამოცანების შესრულება ძველებურ ჯავშანზე არა მარტო ძალიან ხარჯიანი, არამედ თვითმკვლელობაც იქნებოდა“.
ბოლო დროს შინაგან ჯარებში ფორმირდება სრულფასოვანი სატანკო ქვედანაყოფებიც. დასავლეთში მსგავს ქვედანაყოფებს აერომობილურს უწოდებენ. კერძოდ, გასულ წელს სამი სადესანტო შენაერთის შემადგენლობაში გაჩნდა ბატალიონები Т-72Б3 ტანკებით. მომავალში მძიმე საბრძოლო ტექნიკით კიდევ ხუთი შენაერთი აღიჭურვება შინაგან ჯარებში.
ექსპერტების აზრით, ტანკები არსებითად გაზრდის „ფრთოსან ქვეითთა“ საბრძოლო ცეცხლს და კიდევ უფრო ეფექტურად გადაჭრის საბრძოლო ამოცანებს ნებისმიერი კონფლიქტისას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს