აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდება

© Sputnik / STRINGERაქცია ბათუმში
აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია არ დაესწრება.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს გაიმართება, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შესაბამის განკარგულებას გუშინ მოაწერა ხელი.

ავტონომიური რესპუბლიკის საკანონდებლო ორგანოს პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე და ოპოზიციის გარეშე ჩატარდება.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ტიტე აროშიძის განცხადებით, სხდომის დღის წესრიგში შესულია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევის საკითხები. 

საპროტესტო აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
უვადო აქცია ბათუმში: რა ხდება აჭარის მთავრობის სახლთან

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი პარტია მეორე ვადით დავით გაბაიძის კანდიდატურას წარადგენს, მის მოადგილედ კი ტიტე აროშიძე განიხილება.

ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ გიორგი მანველიძე ჩაუდგება სათავეში. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ვლადიმერ მგალობლიშვილი მოიაზრება.

საფინანსო–საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ მარინა ღვიანიძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ილია ვერძაძე, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის – დავით ბაციკაძე, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ კი ფრიდონ ფუტკარაძე განიხილება.

უკვე ცნობილია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მთავრობის მოქმედ მეთაურს თორნიკე რიჟვაძეს წარადგენენ.

ტიტე არეშიძის სიტყვებით, ის გარემოება, რომ მეხუთე მოწვევის პირველ სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია არ დაესწრება, საკანონმდებლო მუშაობას ხელს ვერ შეუშლის.

„სხდომა იგივე ფორმატში ჩატარდება და, ვფიქრობ, ოპოზიციის არყოფნა უმაღლესი საბჭოს მუშაობაში არანაირ დისკომფორტს და წინააღმდეგობას არ შექმნის გამომდინარე იქიდან, რომ ძალზე ბევრი საკითხი დაგროვდა, რომელთა გადაწყვეტაც საჭიროა. აუცილებელია ბიუჯეტის მიღება. ასე რომ, საბჭო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა აროშიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდება, ორგანიზაცია პარტიული სიის გაუქმების მოთხოვნით აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართავს. კირთაძის თქმით, სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართება.

პროტესტი იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ოპოზიცია მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას – რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას არ მიაღწევს, აღნიშნა მან.

„უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას აუცილებლად გავაპროტესტებთ“, – განაცხადა კირთაძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა.

კენჭისყრის საბოლოო შედეგების მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ექნება – 14 ადგილი, დანარჩენი შვიდი – „ნაციონალურ მოძრაობას“. სხდომათა დარბაზში ოპოზიციისთვის განკუთვნილი ადგილები ცარიელი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0