თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამშვიდა მსოფლიოს ბავშვები, რომ მიუხედავად ასაკისა, სანტა კლაუსს იმუნიტეტი აქვს COVID-19-ზე და წელს ყველას დაურიგებს საჩუქრებს. ამის შესახებ ბრიფინგზე ჯანმოს საგანგებო დაავადებათა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკჰოვემ განაცხადა.
„ჩვენ ვიზიარებთ მსოფლიოს ბავშვების ღელვას, ვინაიდან სანტა ასაკის მიხედვით რისკის ჯგუფში შედის. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სანტას იმუნიტეტი აქვს ამ ვირუსის მიმართ. ჩვენ მას ვესაუბრეთ, ის ძალიან კარგად არის. მის კლაუსიც კარგად გრძნობს თავს“, — აღნიშნა კერკჰოვემ.
ამასთან მან განმარტა, რომ მსოფლიოს სახელმწიფოთა მეთაურებმა სწორედ იმისთვის გაამარტივეს საკარანტინო ზომები, რომ სანტა კლაუსმა მათ საჰაერო სივრცეებში შესვლა შეძლოს.
- „ასე რომ, ის ყველას მოგიტანთ საჩუქრებს“, — დაარწმუნა ჯანმოს წარმომადგენელმა პლანეტის ბავშვები.
ამასთან ექსპერტმა მოუწოდა ბავშვებს, არ დაივიწყონ, რომ სანტასთან სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და ჰიგიენასთან დაკავშირებით მშობლების ყველა მოთხოვნა შეასრულონ.
აღსანიშნავია, რომ სიეტლში (აშშ) უკვე გამოჩნდა სანტა კლაუსი, რომელიც გამვლელებს დამდეგ ახალ წელს გამჭვირვალე ბურთიდან ულოცავს, იცავს რა ანტიკორონავირუსულ ზომებს.