თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის ავიარეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები, Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან, იუწყება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“.
საახალწლო პერიოდში, დორტმუნდი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია WIzz Air პირველ ავიარეისებს შეასრულებს. ფრენები 18, 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება.
„გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენის საათი ემთხვევა გადაადგილების შეზღუდვის პერიოდს, რომელიც მოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ავტობუსები თბილისის, ქუთაისის და ბათუმისკენ მიმავალი მგზავრების მისამართებზე უფასოდ მიყვანას უზრუნველყოფენ“, - აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტობუსით მგზავრობისას მგზავრებმა თან უნდა იქონიონ ავიაბილეთები. ხოლო თუ მგზავრი ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტრანსპორტით არ სარგებლობს, საშვისთვის უნდა მიმართოს მთავრობის ცხელ ხაზს 144 (1)-ზე.
კომპანიის ცნობით, არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შენობაში არ დაიშვებიან.
უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველ ავიარეისს 18 დეკემბერს შეასრულებს.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები დაკეტა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა და ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა.
შემდეგ კი საქართველოში შეზღუდვები საერთაშორისო რეგულარულ ავიამიმოსვლაზე 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა.