თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. 15 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ტურისტული მიზნით ეგვიპტეში გამგზავრებას.
როგორც Sputnik-საქართველოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილებაში განუცხადეს, გადაწყვეტილება შეეხება მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და შენგენის ზონის ქვეყნებში მოქმედი/ვადაგასული გრძელვადიანი ვიზა ან ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, ტურისტს საქართველოდან, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ეგვიპტეში მიემგზავრება, უნდა ჰქონდეს უარყოფითი PCR-ტესტის სერტიფიკატი, გაკეთებული ქვეყანაში შესვლამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში.
ინგლისურ ან არაბულ ენაზე შედგენილი სერტიფიკატი ოფიციალური ბეჭდით უნდა იყოს დამოწმებული.
ეგვიპტეში საშიში ეპიდემიოლოგიური ვითარება არ არის. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 100 მილიონს აღემატება, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ოდნავ სცდება 120 ათასს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში მილიონამდე PCR-ტესტირებაა ჩატარებული - ყოველ მილიონ მოსახლეზე შემოწმებულია 10 ათასამდე მოქალაქე.
თავის მხრივ, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 200 ათასს აღწევს.