თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. წნევის მატება მაჩვენებელია იმისა, რომ ორგანიზმში რაღაც დაირღვა, ხოლო ასეთი დარღვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია კალიუმის დეფიციტი, განუცხადა გამოცემა Express-ს ბრიტანელმა ფარმაცევტმა მინა ჰანმა.
სპეციალისტმა განმარტა, თუ როგორ იწვევს კალიუმის ნაკლებობა არტერიული წნევის მატებას.
„კალიუმი ორგანიზმს იმისთვის სჭირდება, რომ ჩვენმა კუნთებმა, გულის კუნთის ჩათვლით, ნორმალურად შეკუმშვა შეძლოს. როდესაც საკმარის კალიუმს არ ვიღებთ, სისხლძარღვები კარგავს ადეკვატურად მოდუნების უნარს და მათი მუდმივი დაძაბულობის შედეგად არტერიული წნევა იზრდება“, — ამბობს ექსპერტი.
მინა ჰანის განმარტებით, სწორედ ამ პროცესის გამო იზრდება ინსულტების, გულის შეტევებისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკები.
კალიუმის უკმარისობით გამოწვეული პრობლემებით განსაკუთრებით ზარალდებიან მარილიანი პროდუქტებისა და კერძების მოყვარულები, რადგან ეს ნივთიერება ორგანიზმში ნატრიუმის ბალანსს აკონტროლებს. მისი დეფიციტი კი იწვევს ნატრიუმის შემცველობის ზრდას, რაც წნევის მატებას დამატებით უწყობს ხელს.
რა სიმპტომები ახასიათებს კალიუმის დეფიციტს?
ექსპერტის თქმით, მისი უკმარისობა იწვევს დაღლილობისა და მოთენთილობის შეგრძნებას, ნაწლავების პერისტალტიკის დარღვევასა და ყაბზობას (შეკრულობას), ქოშინს. გარდა ამისა, სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჩნდება დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნებები.
კალიუმის დეფიციტის კიდევ ერთი სიმპტომია არარეგულარული გულისცემა.
თუმცა, როგორც სპეციალისტი ამბობს, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ კალიუმის ნაკლებობა ყურადსაღები ნიშნებით არ გამოიხატოს.
არტერიული წნევა — ნორმალური დონე ასაკის მიხედვით და უეფექტურესი რეცეპტი>>
ამასთან მინა ჰანი ხაზს უსვამს, რომ ორგანიზმისთვის სახიფათოა არა მარტო კალიუმის დეფიციტი, არამედ მისი სიჭარბეც.
ცნობისათვის: 19-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანებს დღეში 3500 მგ კალიუმი სჭირდებათ.
კალიუმი ბევრ საკვებში გვხვდება, მაგრამ მისი საუკეთესო წყაროებია: ბანანი, ბროკოლი, ნიახური, ბრიუსელის კომბოსტო, პარკოსნები, კაკალი და თესლეული, თევზი, საქონლის, ქათმისა და ინდაურის ხორცი.