ბიძინა ესებუას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულის უფლებადამცველების განცხადებით, ბიძინა ესებუას დაკავებით სამართალდამცველები ძებნილზე ზეწოლას ცდილობენ.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმას ბიძინა ესებუას სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის იზოლატორში გვიან ღამით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

ესებუა პოლიციამ პარასკევს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა. 

ბიძინა ესებუას ავტომობილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ესებუა აცხადებს, რომ მანქანაში იარაღი „ჩაუდეს“

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლო ესებუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

ბიძინა ესებუას უფლებადამცველების თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ძმასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

რაც შეეხება ბადრი ესებუას, გამოძიების ვერსიით, ის 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ბანკზე თავდასხმის ფაქტი ტერორისტულ აქტად შეფასდა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0