თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერჯერობით არ აპირებს აიცრას კორონავირუსულ ინფექციაზე, თუმცა მზადაა, ვაქცინაცია შესაბამის დროს ჩაიტაროს.
აღნიშნულის თაობაზე პრეზიდენტმა საკუთარ Twitter-აკაუნტიდან აუწყა საზოგადოებას.
People working in the White House should receive the vaccine somewhat later in the program, unless specifically necessary. I have asked that this adjustment be made. I am not scheduled to take the vaccine, but look forward to doing so at the appropriate time. Thank you!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) December 14, 2020
„ადამიანებმა, რომლებიც თეთრ სახლში მუშაობენ, ვაქცინა რამდენადმე გვიან უნდა მიიღონ პროგრამის ფარგლებში, თუ საამისოდ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობს. მოვითხოვე, რომ ეს შესწორება გაკეთდეს. მე არ ვგეგმავ ვაქცინის მიღებას, თუმცა ამას შესაბამის დროს გავაკეთებ“, — დაწერა ტრამპმა.
მანამდე სააგენტო Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს COVID-19-ზე ვაქცინაცია პრიორიტეტულ რეჟიმში ჩაუტარდებათ.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა რობერტ რედფილდმა კვირას ხელი მოაწერა ექსპერთა საბჭოს რეკომენდაციას Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაცინის გამოყენების თაობაზე. აშშ-ის მოსახლეობის აცრა ორშაბათიდან დაიწყება.