თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი არჩილ თალაკვაძე დაამტკიცა.
მის კანდიდატურას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
„ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ. 2020 წლის არჩევნებმა მრავალპარტიული პარლამენტის, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დამყარებული ოპონირების, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა მოგვცა და ეს მიღწევა ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს. დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. დემოკრატია არის ბრძოლა და მოლაპარაკებები პარლამენტის შიგნით და არა მის ფარგლებს გარეთ სხვა საშუალებების გამოყენება", – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის პირველ სხდომას არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ ესწრება. მათი დიდი ნაწილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბა და ხელი მოაწერა მემორანდუმს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმისა და პარტიული სიების „ჩახსნის“ შესახებ.
თალაკვაძემ ოპოზიციას მოუწოდა საერთო ენის გამონახვისა და მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები კანონიერია. „გთხოვთ გამოიყენოთ დეპუტატის მანდატი, წარმართოთ საპარლამენტო საქმიანობა ინდივიდუალური პასუხისმგებლობით და შეინარჩუნოთ საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაცია“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი უკვე ეკავა. იგი პარლამენტის დეპუტატი პირველად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით გახდა.