თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. შვეიცარიელი კინორეჟისორი და დიპლომატი ლუჩანო გლორი (Luciano Gloor) თბილისში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
კინოპროდიუსერმა და კინოექსპერტმა ლუჩანო გლორმა კინოინდუსტრიაში 25 წელი იმუშავა ევროპაში, სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ კავკასიაში. ის თბილისში 2015 წლიდან ცხოვრობდა. მუშაობდა როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში.
გლორის შემოქმედებითი ბიოგრაფია მოიცავს როგორც მხატვრულ ფილმებს, ისე დოკუმენტურ კოპროდუქციას. მისი ფილმები წარმოდგენილი იყო ლოკარნოს, კანის, ბერლინის, ვენეციის კინოფესტივალების ოფიციალურ პროგრამაში.
ბოლო წლებში ლუჩანო გლორი არაერთ მნიშვნელოვან კულტურულ პროექტზე მუშაობდა. მისთვის ბოლო პროექტი აღმოჩნდა მარადია ცაავას დოკუმენტური ფილმი „წყალს საზღვარი არ აქვს“.