თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (BIFA) ნომინანტია. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
მერაბ ნინიძე ნომინირებულია მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში The Courier.
მერაბ ნინიძე ახალ ფილმში „შერლოკისა“ და „იმიტაციის თამაშის“ ვარსკვლავთან, ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად თამაშობს. რეჟისორ დომენიკ კუკის ფილმი The Courier მაყურებლისთვის ასევე ცნობილია სათაურით Ironbark.
როგორც გამოცემა Variety წერს, სულ არის 17 ნომინაცია და ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების გამარჯვებულები 2021 წლის თებერვალში დასახელდებიან. პრემია „ბიფა“ 1998 წლიდან გაიცემა.
მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). თეატრალურ სცენაზე მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1980 წელს შედგა — 15 წლის ასაკში მან რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III" პრინც ედუარდის როლი ითამაშა.
1992 წელს ნინიძე დიდ ბრიტანეთში გადავიდა, საიდანაც 1995 წელს ვენაში (ავსტრია) გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და მუშაობს. კინოში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა თენგიზ აბულაძის „მონანიებაში", სადაც მან აბელ არავიძის შვილიშვილის როლი შეასრულა.