თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, „საუკუნის ხმად" აღიარებული ლოტბარი თემურ ქევხიშვილი.
ის 80 წლისა იყო.
თემურ ქევხიშვილმა 1966 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია გუნდის დირიჟორის სპეციალობით.
ლოტბარი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ანსამბლს. იყო ანსამბლ „გორდელას“ დამაარსებელი და წევრი, ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდს, ანსამბლ „ოროველას“, „იმედს“, „დარიალს“, ანსამბლ „ჟურნალისტს“. იყო ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი. გასტროლებზე ნამყოფია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
მის რეპერტუარში იყო ქართული ხალხური სიმღერები, საგალობლები, ასევე ასრულებდა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, მაგალითად ო. თაქთაქიშვილის ორატორია „ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1970, პირველი შესრულება ანსამბლ „გორდელასთან" ერთად), ნ. სვანიძის კამერული ორატორია „ფიროსმანი" (1972, პირველი შესრულება ანსამბლ „გორდელასთან" ერთად).
2013 წლის 11 ივნისს ფონდმა „ქართული გალობა“ თემურ ქევხიშვილი „საუკუნის ხმად“ აღიარა.