თბილისი, 9 დეკემბერი ― Sputnik. COVID-19-ის ვაქცინის ინტრანაზალური შეყვანა (ცხვირის ღრუში შესხურება) უფრო ეფექტურია, ვიდრე ინტრამუსკულური ინექციები, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია პრეპრინტების საიტ bioRxiv-ზე.
მათი თქმით, ინექციის ეს ვარიანტი ზედა სასუნთქ გზებს ინფექციისგანაც იცავს.
ფაინბერგის მედიცინის სკოლის მკვლევარებმა, სხვა ამერიკული კლინიკებისა და უნივერსიტეტების მეცნიერებთან ერთად, ოქროსფერ სირიულ ზაზუნებზე შეადარეს კორონავირუსის ვაქცინის ეფექტურობა და დაცვის უნარი ინტრანაზალური და ინტრამუსკულური შეყვანის დროს.
ნიმუშად მათ შიმპანზეს ადენოვირუსის რეკომბინანტულ ვექტორზე დამზადებული ვაქცინა აიღეს ― იმის ანალოგიური, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მეცნიერებმა შეიმუშავეს.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ორივე შემთხვევაში ვაქცინის ერთჯერადი დოზა მდგრად იმუნურ პასუხს იწვევდა და SARS-CoV-2-ს ანეიტრალებდა. თუმცა ცხვირში შესხურებისას ანტისხეულების ტიტრი ექვსჯერ მეტი იყო, ვიდრე კუნთებში შეყვანისას.
გარდა ამისა, ცხვირიდან აცრილ ზაზუნებს ნაკლები ცოცხალი ვირუსი და ვირუსული რნმ ჰქონდათ ფილტვებსა და ცხვირის ნაცხში, რის გამოც ფილტვებში ნაკლები ინფიცირებული უჯრედები და ანთებითი გენების ექსპრესიის დაბალი დონე ფიქსირდებოდა.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ვაქცინის ინტრანაზალური შეყვანა, ინტრამუსკულურისგან განსხვავებით, იცავს ზედა სასუნთქ გზებს, უზრუნველყოფს SARS-CoV-2-სგან უფრო ეფექტურ დაცვას. გარდა ამისა, ტრადიციულ ინექციებთან შედარებით მას სხვა უპირატესობებიც აქვს. პირველი, ცხვირის ღრუში შესხურება ნაკლებად ინვაზიურია, ვიდრე ინექცია. მეორეც, ის უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსების დამატებით იმუნურ პასუხს.
„საერთო ჯამში, ზაზუნებზე ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინის ინტრანაზალური შეყვანა უზრუნველყოფს SARS-CoV-2-ით ინფიცირებისგან უკეთეს დაცვას: ფილტვებში, ზედა და ქვედა სასუნთქ გზებში ვირუსის უფრო დაბალ დონეს, წონის დაკარგვის არარსებობასა და ფილტვებში ანთების შემცირებას“, ― წერენ სტატიის ავტორები.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ვაქცინის გამოშვების ფორმაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ადამიანებზე პრეკლინიკური და კლინიკური კვლევების ჩატარება, რათა განისაზღვროს მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება.
დღეისათვის ერთადერთი ლიცენზირებული ვაქცინა, რომელიც სპრეის სახით მზადდება, არის გრიპის ვირუსის ვაქცინა 2-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის.