თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. უშგულში მცხოვრებმა 15 წლის გიდმა, გიორგი ქოჩქიანმა დაიწყო ფულის შეგროვება იმისათვის, რომ საახალწლოდ მორთოს მშობლიური სოფელი, რომელიც ზღვის დონიდან 2220 მეტრზე მდებარეობს.
ბიჭის დედამ, ნონა გვაჩლიანმა Sputnik-საქართველოს უამბო, რომ გიორგიმ და მისმა მეგობრებმა დაიწყეს თანხის შეგროვება, რათა თანასოფლელებს საზეიმო განწყობა შეუქმნან - სოფლის ცენტრში საახალწლო ნაძვის ხე დადგან და საჩუქრები დაარიგონ.
„არანაირი საზოგადოებრივი შეკრება არ იქნება, უბრალოდ გიორგიმ და უშგულის სხვა ბავშვებმა გადაწყვიტეს გაახარონ ადამიანები პატარა საჩუქრებით, ოჯახებს ტკბილეული დაურიგონ. გარდა ამისა, ბავშვებს სოფლის ცენტრში ნაძვის ხის დადგმა და ლამაზად მორთვა უნდათ. აქამდე ჩვენს სოფელში ნაძვის ხე არ გვქონია. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თანხაზე, რომელსაც ისინი შეაგროვებენ“, - გვიამბო გვაჩლიანმა.
გიორგი ქოჩქიანის დედამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორს, ფონდ „გურიის დღიურების“ დამფუძნებელ გიორგი კეკელიძეს, რომელმაც ბიჭს ფონდის წლიური სტიპენდია დაუნიშნა და ასევე უშგულში საახალწლოდ თანხის შეგროვების აქციის ფარგლებში ფინანსური დახმარება გაუწია.
გიორგი უშგულის საჯარო სკოლის მე-10 კლასში სწავლობს. დედის თქმით, ბიჭი ბავშვობიდან გამოირჩეოდა სხვების დახმარების დიდი სურვილით და თავისთვის დიდ მიზნებს ისახავდა. ბევრისთვის ცნობილი იმით გახდა, რომ მშობლიურ ადგილებში სტუმრებისთვის ექსკურსიებს აწყობდა. 2018 წელს საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გიორგი ქოჩქიანს „მთის შვილის" წოდება მიანიჭა.
გიორგი ქოჩქიანი ხუთ ენაზე საუბრობს – ქართულ, ინგლისურ, რუსულ, თურქულ და ივრითულ ენებზე, გარდა ამისა, სწავლობს ესპანურს. დარწმუნებულია, რომ პროფესიონალი გიდისთვის ბევრი ენის ცოდნა აუცილებელია.