თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. აზერბაიჯანში COVID-19-თან დაკავშირებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო განსაკუთრებული კარანტინის რეჟიმი 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.
შესაბამისად, 2020 წლის 14 დეკემბრის 00:00 საათიდან 2021 წლის 18 იანვრის 00:00 საათამდე რესპუბლიკაში გამკაცრებული საგანგებო კარანტინის რეჟიმი იმოქმედებს.
ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩერდება სფეროების და სერვისების საქმიანობა, გარდა მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული სექტორების. რაც შეეხება კლიენტთა მომსახურებას სავაჭრო ობიექტებში, საზკვების ობიექტებში, რესტორნებში, ჩაის სახლებში, ის მხოლოდ ონლაინ ან მიტანის რეჟიმში განხორციელდება.
ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა 2021 წლის 31 იანვრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა. ამავე ვადით გახანგრძლივდა ბაქოს მეტროპოლიტენში დაწესებული შეზღუდვაც.
2020 წლის 14 დეკემბრის 00:00 საათიდან 2021 წლის 18 იანვრის 00:00 საათამდე შეიზღუდება გადაადგილება ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, მინგეჩაურში, შირვანში, აფშერონის რეგიონში, აგრეთვე ლენქორანში, მასალის, ჯალილაბადის, შაქის, ზაქათალას, გუბას ხაჩმაზის, ევლახის, ბარდის, ბილასუვარისა და ისმაილის რაიონებში (სოფლებისა და დაბების გარდა).
აღსანიშნავია, რომ გამონაკლისს წარმოადგენენ ოპერატიული და სპეცდანიშნულების სატრანსპორტო საშუალებები, ასევე სატვირთო ავტომობილები და განაღმვის ეროვნული სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებები.
აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 4 387 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (წინა დღეს 3086). თანმდევი დაავადებებით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა 38 პაციენტი, რომელთა ტესტირებამ კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.
თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში სულ 154 152 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 93 411 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 713 კი გარდაიცვალა.