თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. ლილოს დასახლებაში მდებარე საწყობში, რომელშიც საღებავები და პლასტმასის შერეული საქონელი ინახებოდა, ხანძრის შედეგად დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა.
საწყობში ცეცხლი დღეს დილით გაჩნდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის ქრობის პროცესში სულ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 14 ერთეული სპეცტექნიკა და 70 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის უმოკლეს დროში ლოკალიზება და სასაწყობე ფართის ნაწილის გადარჩენა მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ შსს-ში გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლილოში ხანძრით დაზარალებულების დახმარების უფლება მერიას არ აქვს, რადგან პროდუქცია დაზღვეული არ იყო.
დედაქალაქის მერის განცხადებით, არაერთი მოწოდება იყო, რომ ყველას დაეზღვია საკუთარი პროდუქცია.
„ის, რომ დაზღვევა არ ჰქონდათ ძალიან ცუდია. ჩვენ სამწუხაროდ, გვქონდა ბევრი ასეთი ფაქტი, როდესაც ხანძარი გაჩნდა კონკრეტულ ტერიტორიებზე და მას შემდეგ არაერთი მოთხოვნა და მოწოდება გაკეთდა, რომ მოხდეს ამ ადამიანების მხრიდან საკუთარი პროდუქტების დაზღვევა. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანებს დავეხმაროთ“, - განაცხადა კალაძემ.