მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შეიძლება ხვალ გაიმართოს

© photo: Sputnikოპოზიციის აქცია პარლამენტთან
ოპოზიციის აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა „ქართული ოცნებისგან“ თავის მოთხოვნებზე, რომლებიც მმართველ პარტიას ოფიციალურად გაუგზავნეს, საპასუხო წერილი მიიღეს

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ცენტრალურ ოფისში დასრულდა ქართული ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი ჩატარდეს უახლოეს დღეებში, შესაძლოა ორშაბათს, 7 დეკემბერს.

ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ „ქართული ოცნებისგან“ თავის მოთხოვნებზე, რომლებიც მმართველ პარტიას ოფიციალურად პარასკევს გაუგზავნეს, საპასუხო წერილი მიიღეს. თუმცა მათ არ განუმარტავთ, წერილში კონკრეტულად რა თემები იყო განხილული.

პოლიციასთან დაპირისპირება საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო
გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი: ოპოზიციამ ხელისუფლებას მოთხოვნები გადასცა

„ჩვენ არ ვასაჯაროებთ დოკუმენტებს, რომელსაც ერთმანეთისგან ვიღებთ, თუ ამაზე შეთანხმება არ გვექნება. ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას, განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ვიმუშავებთ ამისათვის მუდმივად და იმედი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და სხვა პარტიებს შორის შეთანხმება შედგება, ამისთვის ორივე მხარემ უნდა გადავდგათ ნაბიჯები“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ.

სხვა ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი - ნინო ბურჯანაძეც არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებთა მესამე რაუნდი ორშაბათს გაიმართება.

„სავარაუდოდ, არ არის გამორიცხული, რომ ხვალ შეიძლება შედგეს შეხვედრა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენელიც იქნება. ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. რამდენადაც ვიცი, ხელისუფლებამ პლებისციტზე უკვე უარყოფითად უპასუხა ოპოზიციას, რაც ძალიან უცნაურია, რადგან თუ ხელისუფლება დარწმუნებული იყო იმაში, რომ ოპოზიციის მოთხოვნას ხალხი უარს ეტყოდა, მაშინ პლებისციტის ჩატარების პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საპროტესტო აქცია. დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ და „ოცნებამ“ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ კომპრომისის საზღვრები მონიშნეს

ევროკავშირის და აშშ-ის საელჩოები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლების როლს ასრულებენ. 2020 წლის დასაწყისში მათ შეძლეს მხარეების კონსენსუსამდე მიყვანა, რომლის საფუძველზე საპარლამენტო არჩევნების სისტემა შეიცვალა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათი ორგანიზებით გაიმართა დაპირისპირებული მხარეების ორი შეხვედრა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

ამ ეტაპზე ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმად მმართველმა პარტიამ პარლამენტში 90 ადგილი და კანონების დამოუკიდებლად მიღების და მთავრობის დაკომპლექტების უფლება მიიღო. ოპოზიცია პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

მიუხედავად ამისა, მმართველ პარტიაში იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება და ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში მაინც შევა. ამასთან „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ არასდროს არ დათანხმდებიან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე.

ყველა ახალი ამბავი
0