თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ დასკვნით მატჩში ფიჯისთან ანგარიშით 24:38 დამარცხდა. თამაში ედინბურგში „მარიფილდის“ სტადიონზე გაიმართა.
გამარჯვებულთა ანგარიშზეა ექვსი წარმატებული ლელო და ოთხი გარდასახვა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნემან ნადოლო, რომელმაც ლელოს დამიწება ქართველთა ჩათვლის ზონაში სამჯერ შეძლო. კუნძულელთა შემადგენლობაში ყველა გარდასახვა ვოლავოლას ანგარიშზეა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, „ბორჯღალოსნების“ ანგარიშზეა სამი წარმატებული ლელო და ერთი ზუსტად შესრულებული საჯარიმო. ფიჯის ჩათვლის ზონაში ლელოს დადება ორჯერ შეძლო ბექა საღინაძემ, კიდევ ერთი ლელო გიორგი მელიქიძის ანგარიშზეა. ყველა გარდასახვა და საჯარიმო დარტყმა თედო აბჟანდაძემ შეასრულა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე ბოლო, მერვე ადგილი დაიკავა.
ტურნირის გამარჯვებულის ტიტულის მფლობელი 6 დეკემბერს ლონდონში გამოვლინდება, როდესაც „ტვიკენჰემის“ სტადიონზე ერთმანეთს ინგლისის და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.