თბილისი, 5 დეკემბერია - Sputnik. ქართველი ივენთ-მენეჯერი და მომღერალი ჯიმი მაქაცარია და მასთან ერთად დაკავებული ვინმე სოფიო ჩაგანავა აშშ-ის ყალბი ვიზების დამზადების და დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში პარასკევს დააკავეს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების ზომად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულების 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ მათ გატავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას ტელეარხი „რუსთავი2“ ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე მოატყუეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 17 000 აშშ დოლარი, საიდანაც 8 500 აშშ დოლარი წინასწარ, ნაწილ-ნაწილ თავიანთ ანგარიშზე ჩაარიცხვინეს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები უდანასაულოები არიან. ჯიმი მაქაცარიას ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ ბრალს არ ეთანხმება, თუმცა ადასტურებს რომ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სავიზო მომსახურებას ნამდვილად ეწეოდა და თანხას სავიზო მომსახურებაში ირებდა. დაკავებული სოფიო ჩაგანავა კი ბრალს არ აღიარებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ივენთმენეჯერის მეორე საქმიანობის შესახებ არ იცოდნენ მისმა ახლო მეგობრებმა. მომღერალი გია სურამელაშვილი ირწმუნება, რომ წლების განმავლობაში ჯიმი მაქაცარია მხოლოდ შოუბიზნესით იყო დაკავებული და მისი სხვა შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.