თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. უმსხვილესმა IT-კომპანიამ საქართველოში შვილობილი კომპანიის რეგისტრაციის პროცედურა დაიწყო, განაცხადა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.
მთავრობის დადგენილებით, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT-კომპანიები ქვეყანაში საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ და საშემოსავლო გადასახადს 20%-ის ნაცვლად 15%-ს იხდიან.
„ასეთი საერთაშორისო კომპანიების გამოჩენა ბაზარზე საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი მოქალაქეებისთვის მაღალანაზღაურებადი სამუშაო მიიღონ“, - განაცხადა კასრაძემ პირველი არხის ეთერში.
მან აღნიშნა, რომ საგადასახადო შეღავათების გარდა საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური სასწავლო პროგრამა, რომლის ფარგლებში საერთო ჯამში სამი ათასი IT-სპეციალისტი აიმაღლებს კვალიფიკაციას.
EPAM Systems – 9 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავლის მქონე IT-კომპანიაა, რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა დარეგისტრირებული. 20 წლის წინ დაარსებული კომპანია მთელ მსოფლიოში 1000 თანამშრომელს და 23 ოფისს ითვლის (აშშ, პოლონეთი, ლიეტუვა, გერმანია, ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი, უზბეკეთი).