თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფო შეღავათით, რომელიც მელიორაციის გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, 34,6 ათასმა აბონენტმა ისარგებლა, ნათქვამია კომპანია „საქართველოს მელიორაციის“ განცხადებაში.
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“, რომელიც მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰექტრამდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდნენ.
კომპანია „საქართველოს მელიორაციის“ მონაცემებით, 2 დეკემბრის მდგომარეობით, ფერმერებმა უკვე 3,8 მილიონ ლარზე მეტი ეკონომია გააკეთეს.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში წყალმომხმარებლებს (42 ათას ფიზიკურ და იურიდიულ პირს) სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება (8 მლნ ლარამდე).
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო საქართველოს ხელისუფლებამ პრიორიტეტებს გადახედა და იმპორტჩანაცვლების გეგმების შესახებ განაცხადა. მთავრობამ შეიმუშავა სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა, რაც მიმართულია დარეგისტრირებული მიწების მფლობელთა ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ. ამ პროგრამის წყალობით დაახლოებით 200 ათასი ფერმერი დამატებით შეღავათებს იღებს.