თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ქართულმა ოპოზიციამ, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, მწვავე დისკუსიების შემდეგ გადაწყვიტა შეცვალოს ხელისუფლებისადმი წაყენებული მოთხოვნების ჩამონათვალი. გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრაზე "ლელო საქართველოსთვის" ოფისშია მიღებული.
საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს >>
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საქართველოს პარლამენტში რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი შევიდა. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ. უახლოეს დღეებში საქართველოში ევროკავშირისა და აშშ–ის ელჩების ორგანოზატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს.
„ჩვენი მოლოდინია, რომ შევხვდებით დიპლომატიურ კორპუსს ალბათ ხვალ და ამ განახლებულ პოზიციებს აუცილებლად ვამცნობთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ოპოზიციამ ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ადეკვატურად შევაფასოთ ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარება... ამაზე დაყრდნობით ჩვენ ახალ კონსტრუქციას წარვადგენთ. არაფერი გამოგვიკლია მოთხოვნებისთვის“, - განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ძალაში რჩება.
მისი თქმით, ამჯერად „ლელოს“ ოფისში სხდომა საკმაოდ ხმაურიანი იყო.
„ვიკამათეთ სტრატეგიაზეც, საკითხებზეც, რა უფრო მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა და საერთო პოზიციები შევაჯერეთ, როგორც კი დიპლომატებთან გვექნება კომუნიკაცია საერთო შეჯერებული პოზიციით - ჩვენ მათთანაც გვაქვს გარკვეული ვალდებულებები აღებული, ამის შემდეგ საჯარო გახდება ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა ვაშაძემ.
იმას, რაც „ლელოს“ ოფისში ხდებოდა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მწვავე დისკუსია უწოდა და მას არ დაუმალია, რომ საუბარი ხმამაღალ ტონებზე მიდიოდა.
„ცხარე დისკუსია გვქონდა. რამდენიმე საათი გაგრძელდა. აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ, მესამე რაუნდისთვის და ელჩებთან შეხვედრისთვის”, - განაცხადა ელისაშვილმა.
ხოლო „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განმარტა, რა კუთხით შეიცვალა ოპოზიციის მოთხოვნები.
„ოპოზიციური პარტიების პოზიცია აბსოლუტურად უცვლელია: ახალი არჩევნები და ამ ქოლგის ქვეშ ის ცვლილებები, რაც ჩვენ გვაქვს დაყენებული. ეს არის საარჩევნო რეგულაციები, ცესკო და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. ანუ ამ საკითხში არანაირი ცვლილება არ ყოფილა. დავაზუსტეთ, როგორი უნდა იყოს იმ ტიპის რეგულაციები, რომლებიც არსებითად ამცირებს რისკს მანიპულაციების“, - განაცხადა ბოკერიამ.
პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის.
„ცხადია, ოპოზიცია არის ერთიანი, მათ შორის, რჩება ბოიკოტის რეჟიმში, ვსაუბრობდით სხვადასხვა ტიპის საკითხზე, უბრალოდ, პოზიციები შევაჯერეთ და, ჩემი აზრით, მზად ვართ იმისთვის, რომ შევხვდეთ მოდერატორებს და დაველაპარაკოთ, ერთიანი პოზიციით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, მმართველ პარტიაში ჯერ კიდევ აქვთ იმედი იმისა, რომ ოპოზიციის რიგებში განხეთქილება მოხდება და პარტიები ბოიკოტზე უარს იტყვიან.
ცესკომ დღეს არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. ახლა ათი დღის ვადაში პარლამენტის პირველი სხდომა დაინიშნება. ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც „ქართული ოცნების“ 90 დეპუტატი იქნება, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს.