საეკლესიო კალენდარი: 1 დეკემბერი

გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 დეკემბერს მოწამე პლატონის, მოწამეთა რომანოზ დიაკონისა და ყრმა ბარულის, მოწამეთა ზაქეს, ღადარინელი დიაკონის და ალფესის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე პლატონი 

წმიდა მოწამე პლატონი, წმიდა მოწამის, ანტიოქე მკურნალის ძმა იყო, ის დაიბადა გალატიის ანკვირიაში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლიური სახლი და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: ნეტარი ქალაქ-ქალაქ დადიოდა, სულიწმიდის მადლით აღვსილი, ქადაგებდა სახარების სწავლებას წარმართთა შორის და მსმენელებს აოცებდა დამაჯერებელი მჭევრმეტყველებითა და ელინურ მწიგნობრობაში ღრმა განსწავლულობით. ამისთვის იგი შეიპყრეს და ზევსის ტაძარში მიიყვანეს, მმართველ აგრიპინას სამსჯავროზე. მსაჯული თავდაპირველად ეცადა, ლიქნით დაეყოლიებინა წმიდანი ქრისტეს უარყოფაზე , მაგრამ რომ ვერ შეძლო, ნეტარი პლატონი ჯერ დაუნდობლად აწამეს, ხოლო შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამენი: რომანოზ დიაკონი და ყრმა ბარული

მიდა მოწამე რომანოზი კესარიის პალესტინის ტაძრის ხუცესი იყო. როცა იმპერატორებმა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, იგი ანტიოქიაში გადასახლდა და ქრისტიანებს რწმენაში განამტკიცებდა.
ერთხელ ანტიოქიის მმართველმა, ასკლიპიადმა ქრისტიანული ტაძრის დანგრევა გადაწყვიტა. წმიდა რომანოზმა მორწმუნეებს სიწმიდის დასაცავად მოუწოდა. მმართველმა ხალხის სიმტკიცე რომ იხილა, თავისი ბოროტი განზრახვის შესრულება ვერ გაბედა.
გავიდა რამდენიმე ხანი. მთელი ოლქიდან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი ანტიოქიაში, წარმართულ დღესასწაულზე. წმიდა რომანოზი ბრბოსთან ერთად ზეიმზე მიმავალ ასკლიპიადს შეხვდა და მოუწოდა, დაეგდოთ კერპების მსახურება და ქრისტეს შედგომოდნენ. ამისთვის ნეტარი ხუცესი შეიპყრეს და საწამებლად შეაგდეს. როცა მტარვალმა ქრისტიანობას ფანატიზმი უწოდა, ნეტარმა ასკლიპიადს იქვე მდგარ ყრმა ბარულზე მიუთითა და უთხრა: „ეს ბავშვი შენზე, მხცოვან უგნურზე ბრძენია: იგი მცირეწლოვანია, მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი იცის, შენ კი ღმერთს არ იცნობ“. გაოცებულმა მმართველმა ყრმას თავისთან მოუხმო და ჰკითხა: „მეგობარო, შენ რომელ ღმერთს სცემ თაყვანს?“ - „იესო ქრისტეს“, - უპასუხა ნეტარმა. გაბრაზებულმა მტარვალმა განკარგულება გასცა, ბავშვისთვის თავი მოეკვეთათ. დედამ შვილი თვითონ წაიყვანა სიკვდილით დასჯის ადგილისკენ, ყრმა მოწამე ისე აღესრულა, რომ კვნესაც არ აღმოხდენია.  წმიდა რომანოზს კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ უეცრად ძლიერმა წვიმამ კოცონი ჩააქრო. ბოლოს მტარვალის განკარგულებით წმიდანი ჩამოახრჩვეს (+303).

წმიდა მოწამე ზაქე, ღადარინელი დიაკონი და ალფეს მედავითნე - კესარიელი

წმიდა მოწამე ზაქე, ღადარინელი დიაკონი და ალფესი - კესარიელი მედავითნე ხორციელი ნათესავები იყვნენ. ისინი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამნენ ქრიტიანობისთვის.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

ყველა ახალი ამბავი
0