თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული 76 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.
ანზორ ლომჯარიას კლინიკა 28 ნოემბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან სამი დღის წინ გაიპარა. სავარაუდოდ, პაციენტი კლინიკის უკანა კარიდან გავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს სიმსივნური დაავადების ფონზე მეხსიერების პრობლემა ჰქონდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პაციენტის ცხედარი სამართალდამცველებმა კლინიკასთან ახლოს ტყეში აღმოაჩინეს.
ამ დროისთვის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.