თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. თბილისის გრიბოედოვის სახ. რუსულმა დრამატულმა თეატრმა დანიურ-რუსულ თეატრ „დიალოგს“ იუბილე მიულოცა - თეატრის დასი 1 დეკემბერს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.
მისალოცი სიტყვით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ტატიანა დერბენევას და „დიალოგის“ მთელ დასს გრიბოედოვის თეატრის დირექტორმა და საზღვარგარეთ რუსული თეატრების მოღვაწეთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლაი სვენტიცკიმ მიმართა.
„მთელი გულით გილოცავთ შესანიშნავ საიუბილეო თარიღს! ამ საზეიმო დღეებში თქვენ მიიღებთ ყველაზე გულწრფელ და კეთილ სურვილებს მეგობრებისგან, კოლეგებისა და პარტნიორებისგან - ასეთები კი მთელ მსოფლიოში მრავლად გყავთ. და ეს არც არის გასაკვირი, არსებობის 20 წლის განმავლობაში თეატრი „დიალოგი“ ხომ ღირსეულად ემსახურებოდა საზღვარგარეთ რუსულ თეატრალურ ხელოვნებას. გრიბოედოველები ძალიან აფასებენ თქვენთან მეგობრობას და შემოქმედებით თანამშრომლობას“, - წერს სვენტიცკი.
მისი თქმით, გრიბოედოველები ყოველთვის დიდი მადლიერებითა და სიამოვნებით იხსენებენ გრიბოედოვის სახელობის თეატრის 170 წლისთავის იუბილეში, თბილისში საზღვარგარეთ მოქმედი რუსული თეატრების I კონგრესსა და კოპენჰაგენში დასის გასტროლებში „დიალოგის“ მონაწილეობას.
„ეს ძალიან საინტერესო იყო! ვუსურვებთ თქვენს თეატრს აყვავებას, ახალ გამარჯვებებს! გვჯერა, ვიმედოვნებთ, რომ წინ კიდევ ბევრი ბედნიერი შეხვედრა გველოდება!“ - აღნიშნავს სვენტიცკი.
დანიურ-რუსული თეატრი „დიალოგი“ 2000 წლის 1 დეკემბერს დაარსდა. მუშაობს კოპენჰაგენში მეცნიერებისა და კულტურის რუსული ცენტრის სცენაზე. სპექტაკლებს დგამს რუსულ და დანიურ ენებზე. „დიალოგს“ აქვს ორი სტუდია: საბავშვო და ახალგაზრდული. თეატრი უპირატესობას ანიჭებს მაღალპროფესიონალურ დრამატურგიას და რეჟისურას, ატარებს ფესტივალს „თეატრალური დუეტები“.