თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელბს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები დილიდან აჭარის მთავრობის მეთაურთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. რამდენიმე აქტივისტი შენობაში შესვლას შეეცადა, მაგრამ მათ პოლიციამ შეუშალა ხელი.
„არა შეზღუდვებს!“ – პარლამენტთან კარვების გაშლას შეეცადნენ>>
პროტესტის მონაწილეებმა აქცია–პერფორმანსი გამართეს. რიჟვაძის კაბინეტის ფანჯრებქვეშ ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს წარწერით „მონავ, იმოქმედე!“, „გამოდი, შეხვდი ხალხს“. ამით მათ აჭარის მეთაურს მოსახლეობასთან გამოსვლისა და მათი პრობლემების გაცნობისკენ მოუწოდეს.
როგორც მოძრაობა „იმოქმედეს“ ლიდერმა ბექა მექვაბიშვილმა განაცხადა, თორნიკე რიჟვაძე ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი არჩევნების გაყალბებას შეეგუება. მაგრამ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული. ის უნდა შეხვდეს ხალხს და უპასუხოს, რატომ მოიპარა ჩვენი ხმები, აღნიშნა მექვაბიშვილმა.
ამ პერფორმანსს მოჰყვა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. არეულობის დროს ორი ადამიანი ცუდად გახდა, ასევე დაზიანდა კარვები, რომლებიც აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის წინ გაშალეს.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. ოპოზიციური „მთავარი არხის“ ინფორმაციით, არიან დაშავებულები და, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლები.
ბათუმში ხმაურია: საპროტესტო აქციის ფონზე ფიტნეს-ცენტრის შენობაში პოლიცია შევიდა>>
საპროტესტო უვადო აქცია ბათუმში 8 ნოემბრიდან გრძელდება. მისი მონაწილეები მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მთავრობის სახლის წინ კარვებია გაშლილი.
უფრო ადრე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ რეგიონში სოციალურ–ეკონომიკური საკითხების მოგვარებას თავად აპირებენ. კვირას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გადასატანი სავაჭრო კიოსკი მიიტანეს და შეკრებილებს დაჰპირდნენ, რომ არ დაემორჩილებიან კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ ახალ შეზღუდვებს და „დაუმორჩილებლობის უბანს" მოაწყობენ.