თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში შაბათს 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.
დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
- 21:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითების, ისე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისს შეადგენს საახალწლო და საშობაო დღესასწაულები წინა დღეები - 31 დეკემბერი და 6 იანვარი;
მგზავრთა რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით *გარდა სამსახურებრივი გადაყვანის). მსუბუქი ავტომობილებით (ტაქსებით) გადაადგილება არ იზღუდება;
- რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის სერვისზე. დასაშვებია:
- პროდუქტის გატანა - ე.წ. takeaway
- მიტანის სერვისი - ე.წ. „დელივერი“
- ავტომობილით გატანა - ე.წ. „დრაივი“
- ფიტნეს–დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება ჩერდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
- მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით;
- კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. გასართობი ღონისძიებების ჩატარება იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
- დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში - დამატებით შემდეგი შეზღუდვები იმოქმედებს:
- მუშაობას წყვეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
- ყველა სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს მხოლოდ დისტანციურად – ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.
ეს შეზღუდვა არ ეხება:
- სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას; ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას; სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას; პრესის ჯიხურებს.
- ყველა ტიპის ღია და დახურული ბაზრები/ბაზრობები გადადიან დისტანციურ რეჟიმზე. აგრარული ბაზრები/ბაზრობები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.
- სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (სამედიცინო პროგრამების გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.
- კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
- იზღუდება სათხილამურო ტრასების და საბაგიროების ფუნქციონირება.
- სამთო-სათხილამურო სასტუმროები კოვიდ-სასტუმროებად გადაკეთდა;
- რესტორნები/ბარები/კაფეები/სატრენაჟორო დარბაზები/აუზები სასტუმროებში იმუშავებს მხოლოდ ამ სასტუმროების კლიენტებისთვის;
საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით 24 დეკემბრიდან - 2 იანვრამდე შეზღუდვები იხსნება, კერძოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ტიპის ბაზრები. აღდგება საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
ხოლო 3 იანვრიდან 15 იანვრამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხადდება უქმეები და კვლავ ძალაში შედის ყველა მოქმედი შეზღუდვები.
ქვეყანაში აქამდეც მოქმედებდა შეზღუდვები: პირბადის ტარება სავალდებულოა ღია და დახურულ სივრცეებში, ტრანსპორტში, ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლაზე გადავიდნენ, დაიხურა საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის საათებში სახლიდან გასვლა.
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 120 ათასს აჭარბებს, 1100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.