თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატებმა ხუთშაბათს მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მკაცრი შეზღუდვები დაუწესონ თურქეთს ხმელთაშუა ზღვაში მისი ქმედებების გამო.
„ევროპარლამენტის დეპუტატები მოუწოდებენ ევროსაბჭოს, შეინარჩუნოს ერთიანი პოზიცია თურქეთის უკანონო ქმედებების გამო და საპასუხოდ მკაცრი სანქციები დააწესოს“, — ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპარლამენტის რეზოლუციას 631-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო სამი.
დოკუმენტის ტექსტის თანახმად, ევროკავშირსა და ანკარას შორის ურთიერთობები მაქსიმალურად გაუარესდა თურქეთის ქმედებების გამო ხმელთაშუა ზღვაში (კერძოდ, კვიპროსის ოკუპირებულ ნაწილში ყოფილი საკურორტო რაიონის გახსნით), ლიბიაში, სირიასა და ასევე „აზერბაიჯანის პირდაპირი მხარდაჭერის გამო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში“.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა 10–11 დეკემბრის სამიტზე მიიღოს.
თურქეთი ნავთობისა და გაზის დაზვერვით სამუშაოებს ეწევა კუნძულ კვიპროსის მახლობლად, რომელსაც საბერძნეთი საკუთარ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს. ევროკავშირმა ათენს ამ საკითხში სრული სოლიდარობა გამოუცხადა და თურქეთის ორ ფიზიურ პირს შემზღუდავი ზომები დაუწესა.