„ბოლო უნდა მოეღოს კოვიდ-ისტერიის გავრცელებას“: ექიმის აზრით, დაავადება დაძლევადია

© Pixabay / DarkoStojanovicექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 118 ათასს გადააჭარბა, მათი უმეტესობა უსიმპტომო, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომების მქონე პაციენტია.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ სამოქმედო გეგმაზე საუბრობს, რაც, მისი აზრით, დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ სექტორში უნდა გატარდეს.

ექიმის აზრით, უნდა გაიწეროს ყველა მსუბუქი, ან საშუალო პაციენტი, რომელსაც არ სჭირდება ჟანგბადი და მათი მდგომარეობა ოჯახის ექიმებმა მართონ, კერძო კლინიკებმა შეიმუშაონ მკურნალობის კონკრეტული ღირებულების რაოდენობა და მიიღონ ის ადამიანები, ვისაც შეუძლია აღნიშნული თანხის გადახდა.

ასევე ბოლო უნდა მოეღოს კოვიდ–ისტერიის გავრცელებას, პოზიტიურ ჭრილში მოხდეს ინფორმაციის მიწოდება ფართო მასებისთვის, რის საფუძველზეც გადაილახება შიში აღნიშნული დაავადების მიმართ. აქტიურად უნდა მუშაობდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლები (ფსიქოლოგები, ფსიქიატრები) და შეიმუშაონ პროტოკოლი COVID-19-ით გამოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოსაწესრიგებლად და შეიქმნას გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი.

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
როდის აღარ არიან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები გადამდები: ენდელაძის განმარტება

მისი თქმით, უნდა ამუშავდეს ტელემედიცინის სექტორი და აქტიურად ჩაერთოს დაავადების მართვაში, სასწრაფო დახმარების სერვისები უნდა მოწესრიგდეს, ვინაიდან, პრიორიტეტულობის მიუხედავად, მხოლოდ „კოვიდი“ არ არის დაავადება, რომლითაც იღუპებიან ადამიანები, კიდევ უამრავი დაავადება არსებობს, რასაც დროული და გადაუდებელი ინტერვენცია სჭირდება.

„შეიძლება ბევრ რამეში ვცდები, მაგრამ ასეთი აზრები გამიჩნდა ქვეყანაში განვითარებული ჯანდაცვის სისტემის სფეროში შექმნილი გამოწვევების აქტიურად მართვის კუთხით. ეს დაავადება დაძლევადია! უნდა დავეხმაროთ ხალხს ამის გააზრებაში, რათა დაიძლიოს საყოველთაო შიში კოვიდის მიმართ”, – წერს ზურა სიხარულიძე.

საქართველოში ამ დროისათვის 18.759 აქტიური შემთხვევაა. მათი დიდი ნაწილი უსიმპტომოდ ან მსუბუქად მიმდინარეობს და ჰოსპიტალურ სერვისს არ საჭიროებს. 3.920 ადამიანი მკურნალობის კურსს კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8.674 პირი ბინაზე გადის.

ბინაზე მკურნალობას პაციენტი ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციის საფუძველზე გადის. რაც შეეხება კოვიდ–სასტუმროებს, ისინი კლინიკების თერაპიული მართვის ქვეშ იმყოფებიან.

შექმნილი რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამ დროისათვის ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოქმედებს: პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ და ღია სივრცეებში, ტრანსპორტში, ქუჩებში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, დაკეტილია საბავშვო ბაღები, ღამის საათებში სახლიდან გასვლა აკრძალულია.

ყველა ახალი ამბავი
0