თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს, რომლებიც რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ, უმორჩილესად ვთხოვთ, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ქუჩაში არ გამოვიდნენ – ეს უწყებათშორისო საბჭოსა და ეპიდემიოლოგების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაახმოვანა.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება დღეს მიიღო – შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე პერიოდში იმოქმედებს.
„საქართველოს მთავრობისა და ეპიდემიოლოგების კატეგორიული რეკომენდაციაა – 70 წელს ზემოთ პირებმა მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. ეს მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის ერთგვარი გამოხატულებაა“, – განაცხადა გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ასევე მოუწოდა კერძო კომპანიებს, თანამშრომლები მაქსიმალურად გადაიყვანონ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. საჯარო მოხელეების 80% ამ პერიოდში გადასული იქნება დისტანციურ მუშაობაზე, დასძინა გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. 26 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 118 ათას ადამიანს გადააჭარბა, 1100-ზე მეტი პაციენტი კი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.