თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. წაულების ნაჩქარევი მასობრივი დახოცვის შემდეგ დანიას ახალი თავსატეხი გაუჩნდა, იუწყება გამოცემა The Guardian.
გამოცემის ინფორმაციით, მრავალი ათასი ცხოველი მცირე სიღრმის ორმოებში დაფლეს და ახლა ისინი მიწის ზედაპირზე იწყებენ „ამოსვლას“.
დასავლეთ იუტლანდიის პოლიცია, სადაც რამდენიმე ათასი წაულა სამხედრო პოლიგონზე დაფლეს, ცდილობს რამენაირად წინააღმდეგობა გაუწიოს საშინელ მოვლენას და სამარხებს ზემოდან მიწას აყრის.
„ნეშტების გახრწნის შედეგად წარმოიქმნა გაზები. ამის გამო ნეშტები გაიბერა და ახლა ეს წაულები მიწის ზემოთ ამოდიან“, — განმარტა ეროვნული პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თომას კრისტენსენმა.
როგორც ირკვევა, ყველაფერი ნიადაგის ტიპზეა დამოკიდებული. გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთ იუტლანდიაში ქვიშიანი გრუნტია, ის ძალიან მსუბუქია და ერთი მეტრის სიღრმეზე გათხრილი ტრანშეები საკმარისი არ გამოდგა ცხოველების ნეშტების „შესაკავებლად“.
გარდა ამისა, ადგილობრივი მასმედია შიშობს, რომ განადგურებული ცხოველები შესაძლოა ტბებთან და წყალქვეშა წყლებთან ახლოსაა დამარხული, რამაც შეიძლება ნიადაგისა და სასმელი წყაროების დაბინძურება გამოიწვიოს.
როგორც დანიის გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, მოვლენა „დროებითია და ხრწნის პროცესთანაა დაკავშირებული“. სამინისტრო ირწმუნება, რომ ტერიტორიაზე 24-საათიანი კონტროლი დაწესდება მანამ, სანამ სპეციალური წინაღობა არ აიგება „ადამიანებისა და ცხოველების პოტენციური საფრთხისგან დასაცავად“.