თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღაა – ყოველდღიურად ვირუსის 3–4 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. 26 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 118 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 1100-ზე მეტი პაციენტი.
ქვეყანაში უკვე მოქმედებს რიგი შეზღუდვები: აუცილებელია პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია გარეთ გასვლა ღამის საათებში.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი რეგულაცია 28 ნოემბერს ამოქმედდება და 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.
შეზღუდვების მოქმედების პერიოდი, საახალწლო და საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით, ოთხ ეტაპად იყოფა: 28 ნოემბერი – 24 დეკემბერი, 24 დეკემბერი – 2 იანვარი, 3 იანვარი – 15 იანვარი და 16 იანვარი – 31 იანვარი.
ერთ-ერთი შეზღუდვაა ის, რომ გადაადგილება იკრძალება უკვე ღამის 9 საათიდან (ნაცვლად 10-ისა) დილის 5 საათამდე.
გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბერი და შობის ღამე – 6 იანვარი.