თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო

© AP Photo / Christian Lutzსტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს პროკურატურამ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის საქმეში ძალოვანთა დანაშაული ვერ გამოავლინა და  საქმე დახურა.

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო, ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
ტერორისტი თუ მსხვერპლი? – სტრასბურგში მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი (EMC) და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია — ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს.

EMC-მ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისს მიმართა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მთავრობის პოზიციებს ისინი მიმდინარე წლის 1  სექტემბერს გაეცნენ და 21 ნოემბერს უკვე თავად წარადგინეს წერილობითი დასაბუთება.

ევროპულ სასამართლოში წარდგენილ განაცხადში მოსარჩელეები (თემირლან მაჩალიკაშვილის მამა - ვახა მაჩალიკაშვილი, დედა - მედიკო (აიზა) მარგოშვილი, და - ნატა მაჩალიკაშვილი და ბებია ელენე მაჩალიკაშვილი ) დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.

„ევროპულმა სასამართლომ, განაცხადში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა", — აღნიშნავენ EMC-ში.

ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო კვლავ განაგრძობს დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ე.წ. ჩატაევის ჯგუფთან დაკავშირების მცდელობას.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალები: პროკურატურამ სპეცრაზმის მოქმედება გაამართლა>>>

„მთავრობამ წარმოადგინა 2017 წლის 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრ–ტერორისტული ოპერაციის ფაქტობრივი გარემოებების ვრცელი აღწერა და შეეცადა ახმედ ჩატაევსა და მისი ტერორისტული დაჯგუფების წევრებთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირების ხაზგასმას. თუმცა, შეცდომაში შემყვანი განცხადებების მიღმა, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო აღნიშნული ბრალდების დოკუმენტური გამყარება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სპეცოპერაცია პანკისში

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავისა და მხარის არეში დაიჭრა და 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის მიზანი ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავება იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) იგი ცნობილ ტერორისტ ახმედ ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილად ცნო. 

პროკურატურა - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია პანკისში: თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე დაიხურა

დღეისთვის ტერორისტებისთვის დახმარების ბრალდებით ექვსი ადამიანია დაკავებული — რუსლან ალდამოვი, ზურაბ გორნაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი, ზურაბ იდოიძე და ანატოლი ბერძენიშვილი. ისინი დააკავეს ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდეგ, რომელიც თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თითქმის ერთი დღე-ღამე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს მიმდინარეობდა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ამ დრომდე ამტკიცებს, რომ თემირლანი უდანაშაულოა და ახალგაზრდის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს – აღნიშნული მოთხოვნით მაჩალიკაშვილის ოჯახი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავდა.

ტერორისტებთან თემირლანის კავშირის მტკიცებულების სახით სუს-მა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც იგი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის ბრალდებულ შოიაპ ბორზიევთან და ასლანბეგ სოლთახმადოვთან ერთად იყო გადაღებული. პირველი 2017 წლის 21 ნოემბერს, თბილისში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციამდე დააკავეს, სოლთახმადოვი კი სპეცოპერაციის დროს დახოცილთა შორის აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, ახმედ ჩატაევმა სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა. 

გარდაცვლილის ოჯახმა 2018 წლის დასაწყისში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სუს-ი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა უწყების მიერ სპეცოპერაციის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო. მათ მორალური ზიანისთვის 12 ათასი ლარი მოითხოვეს. თუმცა, სასამართლომ მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

მალზახ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო
მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია კონსტიტუციით რეგულირდება, რომელშიც ნათქვამია, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის თანახმად, რომელსაც საქართველო 1999 წლიდან შეუერთდა, თითოეული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირი უდანაშაულოდ ითვლება იმ დრომდე, ვიდრე მისი დანაშაული კანონის შესაბამისად არ დადგინდება.

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს პროკურატურამ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის საქმეში ძალოვანთა დანაშაული ვერ გამოავლინა და  საქმე დახურა.

ყველა ახალი ამბავი
0