თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. კომპანია Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი მარსზე დედამიწელების კოლონიის დაარსებას აპირებს, რისთვისაც ბირთვული აფეთქებები იქნება საჭირო პლანეტის ატმოსფეროს გასათბობად.
გრანდიოზული გეგმების შესახებ ილონ მასკმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა.
Life in glass domes at first. Eventually, terraformed to support life, like Earth.
— Elon Musk (@elonmusk) November 18, 2020
გამომგონებლის თქმით, დედამიწელების პირველი კოლონია მარსზე შუშის გუმბათების ქვეშ იცხოვრებს, ხოლო უკვე 2050 წლისთვის პლანეტაზე მილიონზე მეტი ადამიანი გადავა საცხოვრებლად.
იმისათვის, რომ მარსის ატმოსფერო საცხოვრებლად ვარგისი გახდეს, მასკი წითელი პლანეტის პოლუსებზე ბირთვულ იერიშს გეგმავს, რაც, მისი აზრით, მყინვარებს გაადნობს და ატმოსფერო გათბება.
აღსანიშნავია, რომ მარსის კოლონიზაციის იდეა ილონ მასკმა ჯერ კიდევ 2015 წელს გაახმოვანა, როდესაც განაცხადა, რომ მეტი სითბოს შემთხვევაში პლანეტა, დედამიწის მსგავსად, საცხოვრებლად სრულიად ვარგისი იქნებოდა.
ილონ მასკი მარსზე პირველი რაკეტა Starship-ის გაშვებას 2026 წლისთვის გეგმავს. პირველი კოლონიზატორები პლანეტაზე ქალაქის აგებას შეუდგებიან. მათი ამოცანა იქნება სასიცოცხლოდ აუცილებელი სისტემების შექმნა და შუშის გუმბათებიანი სათბურების აგება.