თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. აჭარაში კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა გართულებებისგან, რომლებიც კორონავირუსის ინფექციამ გამოიწვია, იუწყება „პირველი არხი“.
იმნაძე: რეალურად COVID-19-ის 10 ათასამდე შემთხვევა გვაქვს ყოველდღიურად >>
ინფექციას ემსხვერპლა 56 წლის ქალი, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა. მედიკოსი ოთხშაბათს, დილით ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
კლინიკის წარმომადგენლების თქმით, ექიმს არ ჰქონდა არანაირი თანმდევი დაავადება, მაგრამ ის რეანიმაციაში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, რადგან ფილტვების სერიოზული დაზიანება აღენიშნებოდა.
აჭარაში კორონავირუსით უკვე ხუთი ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად 3 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან უკვე თითქმის 115 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1085 ადამიანი.
ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.